четверг, 18 декабря 2008 г.

თბილისური განთიადი

მზიანი ქალაქის ეტიუდები

მზიანია ჩემი ქალაქი. მზის სხივივით ნათელი და გაცისკროვნებული.“მზემ აიწია თითის წვერებზე, მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა“...ჩამოიხედა და დაინახა მხიარულად მოჟღურტულე ჩიტები, ჩიტებივით ბავშვები და მათზე მუდმივად მზრუნველი მშობლები.რატომ მიყვარს ჩემი ქალაქი? იმიტომ რომ სითბოსა და სიყვარულს ასხივებს, ყველას თანაბრად უნაწილებს, სტუმარსაც და მასპინძელსაც, უცხოსაც და გადამთიელსაც. ყოველ დილას რაღაც ახალს ველი ჩემს ქალაქში. ველი და ისიც მახვედრებს:ახალ-ახალ ატრაქციონებს, შადრევნებს, მუზეუმებს, სკვერებს, პარკებს და ...მიხარია, რომ დღითიდღე ლამაზდება ჩემი თბილისი, იზრდება, ივსება და იზიდავს მეტ სტუმარს. სადაც არ უნდა წავიდე, მაინც ჩემს ქალაქზე ვიოცნებებ მუდამ და თბილისელად დავრჩები ყოველთვის.

საბა თოდუა
V კლასი


ჩემი ქალაქის მატიანე

ხანდაზმული ვარ საკმაოდ, ახალგაზრდა აღარ მეთქმის კაი ხანია. მაინც არ მეშვებიან, სურთ, ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე, შუშის გამჭვირვალე სამოსს მაზომებენ,იერ-სახეს მიცვლიან,რაღაცას ეძებენ სულ, ხან პოულობენ, ხან ვერა... მე მაინც ჩემი ძველი უბნები მირჩევნია, ლამაზი აივნებით, ჭრელი მოსახლეობითა და პატარა აივნებითა და დიდი გულით.წინ ყურებააო ადამიანის ვალი და არა უკან, წარსულისაკენ. მესმის, ვაფასებ ლამაზ მომავალსაც თავისი ტექნიკური პროგრესითა და ცივილიზაციით, მაინც მეშინია, არ გაგვისხლტეს თვალსა და ხელს შუა ის სითბო და სიყვარულიანობა, ტექნიკის მოჭარბებას რომ ვერ ეგუება და ჩუმად გაცლას ამჯობინებს ხოლმე.მაინც იმედი მაქვს, არ მიმატოვებენ ჩემი ერთგული ადამიანები, ბოლომდე გამიფრთხილდებიან და დამაფასებენ. მეც არ ვუღალატებ არავის, ყველას ჩაგიხუტებთ გულში და გეტყვით, რომ უსაზღვროდ მიყვარხართ. თქვენ ხომ ასე მღერით:“ძველია, მაგრამ ასე მგონია, ჩემი ქალაქი ჩემი ტოლია.“მეც ვიმღერებ თქვენთან ერთად:“ქართველების ერთად ყოფნას გაუმარჯოს ღმერთო!“

სოფო წვიმიტიძე
V კლასი



თბილისური განთიადი

თენდება ნელ-ნელა. ბინდი ეცლება ორთაჭალის ქუჩებს.წყნარად იკვეთება ნისლიდან სამებისა და მეტეხის ქონგურები.ლამაზად იშლება თბილისური პეიზაჟები, შემოდგომაზე მოხავერდებული ბაღები, ზამთარში- გადაფიფქული სახლები, ზაფხულში- შადრევნებში მოჭყუმპალავე ბავშვები, გაზაფხულზე კი-ამწვანებული ხეები.მოდით, ერთად შევიხედოთ ერთ-ერთ ეზოში.
_ რას გვეტყვით თბილისის ახალ იერსახეზე?
_ რაც კარგი გაკეთდება, ყველაფერი მოსაწონია, თუმცა ეს საღებავები რომ ალაგ-ალაგ გადაშორდა სახლებს და ფასადებს ცოტა უცნაურია. ბევრი გაკეთდა გზების შესაკეთებლად, მაგრამ დააგებენ, ისევ ათხრიან, ჭებს გამოცვლიან თუ მილებს ჩაყრიან, ასფალტი სულ ზიანდება.
_ რას გაგონებთ თბილისი?
_ კეთილშობილ ბანოვანს, კეკლუც პატარძალს, ამავე დროს, დიდსულოვან რაინდს, ყველას რომ იფარებს და პატრონობს.
_ რას შეცვლიდით, საშუალება რომ გქონდეთ, ქალაქის დიზაინში?
_ ნახევრადდანგრეულ სახლებს ავიღებდი, ოღონდ მათ ადგილას ისევ აივნებიან ლამაზ სახლებს ავაშენებდი.მეტად ვიზრუნებდი გამწვანებასა და დეკორატიულ ხე-მცენარეებზე.
ჩვენ რას შევმატებთ ქალაქს, რომ გავიზრდებით? ეს არის მთავარი!


სოფო ცერცვაძე
Vკლასი